“ამიერკავკასიის მემკვიდრეობიდან მსოფლიო სტანდარტებამდე“
ჩვენს ჰოსპიტალს ამიერკავკასიაში ყველაზე მდიდარი და ხანგრძლივი სამედიცინო ისტორია აქვს და საქართველოს მედიცინის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. სწორედ აქ ჩატარდა პირველი ოპერაციები ანესთეზიით, და აქ მკურნალობდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორიცაა ვაჟა-ფშაველა და ნიკო ფიროსმანი. ეს დიდი მემკვიდრეობა გვავალდებულებს, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ სამედიცინო ტრადიციები.
ამ ამბიციით დავიწყეთ ჰოსპიტალის კაპიტალური რენოვაცია, განვაახლეთ საოპერაციოები, შემოვიტანეთ სადიაგნოსტიკო და კლინიკური აპარატურა და დავიწყეთ რებრენდინგი. ჩვენი ჰოსპიტალი ჩართულია საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში, რათა დავნერგოთ ყველა საერთაშორისო პროტოკოლი და პაციენტებისთვის ჩვენთან მკურნალობა უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდეს.
ჩვენი პრიორიტეტია პაციენტის კმაყოფილება და კომფორტი. აქ ყველა პირობას ვქმნით, რომ მათ უწყვეტად, პროფესიულ დონეზე და უსაფრთხო გარემოში მიიღონ ყველა ტიპის სამედიცინო სერვისი. ამაში ჩართულია ჰოსპიტალში მომუშავე ყველა რგოლი — დარაჯი, რეგისტრატორი, ექთანი, სანიტარი, ექიმი და მთელი მენეჯმენტი. ჰოსპიტალის სანდოობასა და რეპუტაციაზე ყველა ერთნაირად ვზრუნავთ.
ჩვენი სიძლიერის საფუძველს პროფესიონალ ექიმთა გუნდი ქმნის. ჩვენს ჰოსპიტალში მუშაობენ როგორც ძველი თაობის გამოცდილი და დამსახურებული პროფესიონალები, ასევე ახალი თაობის, უცხოეთში განათლება მიღებული, ყველაზე მოთხოვნადი ექიმები, რომლებიც აქ უნიკალურ ოპერაციებს ატარებენ. სწორედ ეს სინერგია ქმნის ჩვენს განვითარებას. ჩვენთან უკვე წარმატებით კეთდება ურთულესი ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციები ცოცხალი დონორიდან. უახლოეს პერიოდში ტრანსპლანტოლოგიის მიმართულება გაფართოვდება და სხვა ორგანოების გადანერგვასაც დავიწყებთ. გაიხსნება ინსულტის ცენტრი და ყოვლისმომცველი გახდება კარდიოქირურგიის მიმართულება.
ჩვენი ჰოსპიტალი გერმანიისა და თურქეთის წამყვანი კლინიკების პარტნიორია, დაინერგება ერთობლივი კონსილიუმების პრაქტიკა და ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს საერთაშორისო კავშირებს და დააჩქარებს ჰოსპიტალის განვითარებას.
ჩვენ ყველა ინოვაციურ მიმართულებას გავაძლიერებთ. გვინდა შევამციროთ საქართველოდან უცხოეთში მკურნალობის მსურველთა რაოდენობა და აქ, ჩვენს ჰოსპიტალში, შევთავაზოთ მათ სრულფასოვანი და ხარისხიანი სამედიცინო სერვისი. ასევე, ვგეგმავთ სამედიცინო ტურიზმის განვითარებას და პაციენტების მოზიდვას საზღვარგარეთიდან. ჩვენ ვთანამშრომლობთ უმაღლესი კლასის პროფესიონალებთან, რომელთა ოპერაციებზე განსაკუთრებული მოთხოვნაა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთაც.
მადლობას გიხდით, რომ გვანდეთ თქვენი ჯანმრთელობა. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დაგეხმაროთ და მოგაწოდოთ საუკეთესო სამედიცინო სერვისი.
გიორგი გოგოლაძე გენერალური დირექტორი