ჩვენ შესახებ
,,სრულყოფილება ზრუნვაში, სანდო საუკუნეების განმავლობაში”
წმ. მიქაელის ჰოსპიტალი წარმოადგენს კავკასიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი ისტორიის სამედიცინო დაწესებულებას.
,,მიხაილოვსკის სტაციონარში“ პაციენტის სამედიცინო მომსახურების პირველი ჩანაწერი 1844 წლით თარიღდება.
„მიხაილოვსკის სტაციონარი“ მოკრძალებული ზომის იყო, რადგან ის თავად სუმბათოვის სასახლეში იყო განთავსებული. (არ არის დაზუსტებით ცნობილი როგორი კვალიფიკაციის სამედიცინო პერსონალით იყო ის დაკომპლექტებული).
პირველი საქალაქო საავადმყოფო თბილისში მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდში დაარსდა. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული კავკასიიის სამედიცინო საზოგადოება, რომელიც იმპერიაში ყველაზე გავლენიანი იყო. სამედიცინო დაწესებულების დაარსების პროცესში პირადად იყო ჩართული თავადი გრიგოლ ორბელიანი და ბევრი გამოჩენილი ადამიანი. საბოლოოდ, იმპერიის ჩინოვნიკებისაგან უფლების მიღების შემდეგ, დაიწყო საავადმყოფოს მშენებლობა.
თბილისის მოსახლეობის ზრდასთან ერთად, ხელისუფლებამ გამოყო კომისია, კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ნიკოლოზის ძის სამეფო კარის ლაიბ-მედიკოსის, ანდრია ლიბაუს თავმჯდომარეობით. მას დაევალა ახალი, ტიპური საავადმყოფოს მშენებლობის ორგანიზება. ახლანდელ დავით აღმაშენებლის პროსპექტზე ( N60) სპეციალურად საავადმყოფოსთვის შეიძინეს მიწის ნაკვეთი. საავადმყოფოს მშენებლობა ცნობილ გერმანელ არქიტექტორს ზალცმანს დაევალა. ანდრია ლიბაუმ საავადმყოფოს გადასცა 10000 მანეთი. აღნიშნული თანხით და მისი პროცენტით, 3 წელიწადში ერთხელ, საავადმყოფოს ერთ-ერთი ორდინატორი სამეცნიერო მივლინებით მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ.
მშენებლობა 1865 წელს დასრულდა. საავადმყოფო ოფიციალურად დაარსდა 1868 წლის 8 ნოემბერს. 1881 წ. 14 ოქტომბრიდან კი „მიხეილის საავადმყოფო“ ეწოდა — რუსი იმპერატორი ალექსანდრე II -ის ძმის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის პატივსაცემად.
1899 წ. 18 იანვარს, ბარბარე მუხრანბატონის ქველმოქმედებით, საავადმყოფოში დაიდგა 1234 მანეთის ღირებულების რენტგენის აპარატი, რომელიც მიუნხენში შეიძინეს.
„მიხაილოვსკის საავადმყოფოში“ რამდენიმე განყოფილება ფუნქციონირებდა: თერაპიული, ქირურგიული, ფსიქიატრიული, ნევროლოგიური, მწვავე ინფექციური და ვენერიული დაავადებების, სიფილისის, კანის, უროლოგიური, გინეკოლოგიური, ოფთალმოლოგიური, სასწრაფო დახმარების და პროზექტურა.
პირველი სააღრიცხვო ანგარიშებიდან წარმოდგენა გვექმნება სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე: საავადმყოფოს მთავარი ექიმი წელიწადში 1200 მანეთს იღებდა, უფროსი რეზიდენტის ხელფასი 800 მანეთი იყო, ბებიაქალის 300 მანეთი, მკურნალის – 150, საავადმყოფოს მომვლელის კი — 360 მანეთი. მართლმადიდებელი მღვდლის ხელფასი 300 მანეთი იყო, სომხური გრიგორიანული ეკლესიის სულიერი მოძღვარი 200 მანეთს იღებდა.
„მიხაილოვსკის საავადმყოფოს“ გახსნამდე „ტფილისის პროვინციაში“ მხოლოდ ორი, რუსულენოვანი, გუბერნატორს დაქვემდებარებული, ექიმი მუშაობდა. მათ მოსახლეობასთან შეხება არც ჰქონდათ. ხალხი ძირითადად სოფლის მღვდელთან ან სახალხო მკურნალებთან დადიოდა სამკურნალოდ. „ტფილისის პროვინციაში“ განლაგებულ სამხედრო ნაწილებს ემსახურებოდა სამხედრო ჰოსპიტალი, ფუნქციონირებდა რამდენიმე მცირე აფთიაქი, მაგრამ ქალაქს საავადმყოფო არ ჰქონდა. ამიტომ,“ მიხაილოვსკის საავადმყოფოს“ გახსნა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი მოვლენა გახდა.
ამ საავადმყოფოში გაიზარდა კავკასიელი ექიმების დიდი კორპუსი. აქ ტარდებოდა ყველაზე ინოვაციური ოპერაციები. ექიმებს ჰქონდათ გამორჩეული ცოდნა და გამოცდილება. ისინი არაფრით ჩამოუვარდებოდნენ ევროპელ კოლეგებს. ტფილისის სამედიცინო დაწესებულების კოჰორტა შედგებოდა გერმანელი, პოლონელი, ჩეხი და რუსი ექიმებისგან.
„მიხაილოვსკის საავადმყოფოში“ ჩატარდა პირველი ოპერაცია ანესთეზიით, რომელიც ცნობილი ექიმ-ანესთეზიოლოგის პიროგოვის სახელს უკავშირდება.
„მიხაილოვსკის საავადმყოფოში“ ავარიაში მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა საბჭოთა რევოლუციონერი კამო. აქ დალია სული მსოფლიოში ცნობილმა, გენიალურმა ქართველმა მხატვარმა ნიკო ფიროსმანმა.
ძველი ჩანაწერებით ირკვევა, რომ ტფილისის „მიხაილოვსკის საავადმყოფოში“, პაციენტები ყველა სახის პირველად გადაუდებელ ქირურგიულ დახმარებას იღებდნენ . საავადმყოფოს 200 პაციენტის მიღების საშუალება ჰქონდა. შემონახულია ჩანაწერებიც პაციენტების ისტორიის შესახებ.
”წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო” 2012 წელს ლოკაციას იცვლის, 2014 წელს კი სრულმასშტაბიანი რეორგანიზაცია იწყება — მას „თბილისის N2 მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო“ შეუერთდა და კომპანიაში განვითარების ახალი — განახლებისა და აღორძინების ეტაპი დაიწყო.
მნიშვნელოვანი ინვესტიციის განხოციელების შედეგად, მოკლე დროში, მოხერხდა საოპერაციოების რენოვაცია, საავადმყოფო აღიჭურვა თანამედროვე სადიაგნოსტიკო ტექნიკით, დაიხვეწა მენეჯმენტის სისტემა. წარმატებული რეფორმების შედეგად, 2017 წელს, საავადმყოფომ მენეჯმენტის სისტემის ISO9001:2008-ის ხარისხის მართვის სერტიფიკატი დაიმსახურა.
2024 წელს კლინიკურ საავადმყოფოში დაიწყო რებრენდინგის პროცესი – სამედიცინო დაწესებულებამ სახელი შეიცვალა და ის დღეს „წმინდა მიქაელის ჰოსპიტალის” ბრენდით ფუნქციონირებს.
განახლებული „წმინდა მიქაელის ჰოსპიტალი“ 200 საწოლზეა გათვლილი. აქ ხორციელდება ყველა სირთულის ოპერაცია და ჰოსპიტალს ყველა სიმძიმის პაციენტის მართვის ტექნიკური და პროფესიული რესურსი აქვს.
+
წლიანი გამოცდილება
+
გუნდის წევრი
+
კმაყოფილი პაციენტი
+
პროვაიდერი